გამძლეობა 90 წუთის განმავლობაში – ფიზიკური მომზადება

ფეხბურთი მარათონი არ არის: როგორ განვავითაროთ ნამდვილი საფეხბურთო გამძლეობა


დარბიხარ დიდ მანძილებზე, რეგულარულად აკეთებ ე.წ. „კროსებს“, მაგრამ თამაშის 70-ე წუთზე მაინც გრძნობ, რომ ფეხები გიმძიმდება და გადამწყვეტი სპრინტისთვის ძალა აღარ გყოფნის. გეცნობა ეს სიტუაცია?

რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია: ფეხბურთი მარათონი არ არის! ის მაქსიმალური სპრინტების, მკვეთრი გაჩერებებისა და აღდგენის ქაოსია. გამოსავალი არა კიდევ უფრო მეტ კილომეტრში და ერთფეროვან სირბილში, არამედ თანამედროვე ფიზიკურ მომზადებაში — ფეხბურთზე მორგებულ ინტერვალურ დატვირთვაშია!

რა ხდება შენს ორგანიზმში მეცნიერული კუთხით?

ჩვენს კუნთებში არსებობს ორი ძირითადი ტიპის ბოჭკო: ნელი (რომელიც მუშაობს ხანგრძლივ, დაბალტემპიან დატვირთვაზე) და სწრაფი, ე.წ. ფეთქებადი ბოჭკოები (რომელიც პასუხისმგებელია სისწრაფესა და ნახტომზე).

შენი სხეული ყოველთვის ეგუება იმას, რასაც აკეთებ. როდესაც საათობით დარბიხარ ნელი ტემპით, ორგანიზმი ანვითარებს ნელ კუნთოვან ბოჭკოებს. შედეგად? შენ ხდები გამძლე მარათონელი, მაგრამ კლავ შენს მთავარ იარაღს მოედანზე: პირველ ნაბიჯს, სისწრაფესა და ფეთქებადობას. ფეხბურთში კი სისწრაფის გარეშე დომინირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორ მუშაობს ეს თამაშის დროს?

ელიტური მოთამაშეები არ დარბიან ერთი და იგივე სიჩქარით. მათი მოძრაობა მოედანზე ციკლურია: მაქსიმალური აჩქარება ბურთზე, მიმართულების მკვეთრი ცვლილება, შემდეგ კი ფაზა, როცა ისინი ნაბიჯით გადაადგილდებიან და ძალებს იღდგენენ.

სწორედ ამიტომ, საწვრთნელი პროცესი იდეალურად უნდა ასახავდეს თამაშის სპეციფიკას. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში (HIIT) ზუსტად ამ პრინციპზეა აგებული. ის ასწავლის შენს ორგანიზმს, როგორ დახარჯოს ენერგია აგრესიულად და როგორ აღდგეს წამებში.

შედეგად, სწორი ინტერვალური პრაქტიკით შენ იღებ:

  • შენარჩუნებულ სისწრაფეს: ვითარდება გამძლეობა ფეთქებადობისა და კუნთის სისწრაფის დაკარგვის გარეშე.
  • სწრაფ აღდგენას: ორგანიზმი (და გულ-სისხლძარღვთა სისტემა) სწავლობს რძემჟავას სწრაფად გადამუშავებას, რაც გაძლევს საშუალებას, მალევე იყო მზად შემდეგი სპრინტისთვის.
  • თამაშის ბოლომდე დომინირებას: 80-ე წუთზეც კი გექნება ძალა, გააკეთო მაქსიმალური აჩქარება და აჯობო დაღლილ მეტოქეს.

როგორ დავიწყოთ? (პრაქტიკული გზამკვლევი 15/15 მეთოდზე)

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროტოკოლი საფეხბურთო გამძლეობისთვის. მიჰყევი ამ ნაბიჯებს:

  • ინტენსიური ფაზა (15 წამი): ირბინე შენი მაქსიმალური შესაძლებლობის 75%-ით. ეს უნდა იყოს სწრაფი, აგრესიული ტემპი, მაგრამ არა სრული სპრინტი, რათა ფორმა და კონტროლი შეინარჩუნო.
  • აღდგენის ფაზა (15 წამი): გადადი ნელ სიარულზე. სრულად აღიდგინე სუნთქვა, მაგრამ არ გაჩერდე ერთ ადგილზე.
  • ციკლის გამეორება (სერია): გაიმეორე ეს პროცესი ზედიზედ 8-ჯერ. ეს შეადგენს ზუსტად 1 სერიას, რომლის ხანგრძლივობაც 4 წუთია.
  • მოცულობა და დასვენება: სულ შეასრულე 2 ან 3 ასეთი სერია. სერიებს შორის დაისვენე სრულად — 3 წუთის განმავლობაში.

სისტემურობა განაპირობებს შედეგს

ფიზიკური მომზადება ზუსტად ისეთივე დისციპლინას მოითხოვს, რასაც ბურთით ვარჯიში. კვირაში 1 ან 2 ასეთი სესია (აუცილებლად კარგი მოთელვის შემდეგ) სრულიად საკმარისია რეალური პროგრესის მისაღებად.

გახსოვდეს: შენი ფიზიკური კონდიცია შენი უპირატესობაა. ივარჯიშე ჭკვიანურად, მოერგე ფეხბურთის ქაოსს და შენ გააკონტროლებ თამაშს!